საკამათო საკითხები ქართულ ენაზე გამოქვეყნებულ ლიტერატურაში

      გიორგი გეგელაშვილი

საზოგადოების სწორი შეხედულებების ჩამოყალიბება ჯანმრთელობის ცალკეულ საკითხებზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ავადმყოფობის თავიდან აცილების, ადრეულ სტადიაზე ამოცნობის და სწორი მართვის განხორციელების პროცესზე.


ამას ისიც ემატება, რომ პაციენტებს საკმაოდ ხშირად აწუხებთ ეჭვი დიაგნოზის სისწორეზე, ყოველთვის ხალისით არ ეკიდებიან ექიმის დავალებების შესრულებას და ხშირად მიმართავენ თვითმკურნალობას. ასეთ შემთხვევაში დაინტერესებული პირები სრულიად ბუნებრივად მიმართავენ თვითგანათლებას.

ტკივილის დიაგნოზის დასმის და მართვის საკითხებისადმი მიძღვნილი სტატიები ან ცალკეული ინფორმაცია ქართულ ბეჭდვით თუ ელექტრონულ მედიაში ყოველთვის არ არის დაზუსტებელი, უტყუარი და მტკიცებულებებით გამყარებული.


გთავაზობთ ამონარიდებს ამგვარი წყაროებიდან და ვურთავთ კომენტარებს. ეთიკური პრინციპებიდან გამომდინარე, წყაროებს და ავტორებს არ ვუთითებთ.

საჭიროა თუ არა თავის ქალას რენტგენოგრაფია შაკიკის დიაგნოზის დასასმელად?  

ერთგან ვკითხულობთ:


 ”თავის ტკივილი (პერიოდული, ძლიერი ინტენსივობის, ზოგჯერ პირღებინებით) დამახასიათებელია შაკიკისათვის – დიაგნოზის დასაზუსტებლად საჭიროა თვალის ფსკერის გამოკვლევა და თავის ქალას Ro-გადაღება (ქალაშიდა წნევის მომატების გამოსარიცხად, რომელიც თავის ტკივილის მიზეზია თავის ტვინის მოცულობითი პროცესების დროს)”.

კომენტარები  
"ქალაშიდა წნევის მომატების გამოსარიცხად"

თავის ქალას რეტგენოგრაფია არ არის ქალასშიდა წნევის გასაზომი მეთოდი. გამოკვლევით შეუძლებელია მომატებული წნევის გამორიცხვა

თავის ტვინის მოცულობითი პროცესი არ არის ქალაშიდა წნევის მომატების ერთადერთი მიზეზი

თავის ქალას რეტგენოგრაფიის კლინიკური მნიშვნელობა

თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკაში მთლიანი თავის რენტგენოგრაფიას მიმართავენ მხოლოდ სპეციალურ შემთხვევებში [1]:

თავის ქალას და სახის ძვლების ზოგიერთი ტრავმა

თავის ქალას და სახის ძვლების დეფორმაცია

თავის ქალას და სახის ძვლების თანდაყოლილი ანომალია

ეჭვი მიელომურ ავადმყოფობაზე

მეტალური უცხო სხეულის ძიება.


ნაკლები ინფორმაციის და არასაჭირო დასხივების გამო მთლიანი თავის რუტინული რენტგენოგრაფია არარეკომენდებულია შემდეგი მდგომარეობების დროს

თავის ტკივილი

ეჭვი ჰიპოფიზის ადენომაზე

უმჯობესია ნეიროგამოსახვა – CT/MRI

ეჭვი თავის ტვინის სიმსივნეზე

ეპილეფსია

მეხსიერების პრობლემა

ეჭვი დემენციაზე

შუა და შიდა ყურის ანთება

ცხვირის ტრავმა

რინოსინუსიტი – წიაღების ანთება

ნაწილობრივი "დაჩრდილვა" და წიაღების "ვუალიზაცია" სადიაგნოზო თვალსაზრისით არაღირებულია

გამოკვლევის "ოქროს სტანდარტი" ამ შემთხვევაში არის კომპიუტერული ტომოგრაფია – CT

ქვედა ყბა-საფეთქლის სახსრის დისფუნქცია

არ სჩანს დისკის ცვლილებები, რაც ყველაზე ხშირია ასეთ დროს


გარიჟრაჟის თავის ტკივილი: ვენური ენცეფალოპათია, თუ...

ერთგან ვკითხულობთ: 


თავის ტკივილი დილით გამოღვიძებისას ("მძიმე თავი", "თავში სიმძიმის" შეგრძნება) დამახასიათებელია ვენური ენცეფალოპათიისთვის – საჭიროა თავის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული გამოკვლევა (MRI) ანგიოგრაფიულ რეჟიმში”.


კომენტარები  

დილით გამოღვიძებისას თავის ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილის შემდეგმა ფორმებმა

პირველადი თავის ტკივილი

შაკიკი

ჯგუფური (კლასტერული) თავის ტკივილი

ძილის თავის ტკივილი

ხანგრძლივი ჰემიკრანია

მეორადი თავის ტკივილი

მედიკამენტების ჭარბად მოხმარების თავის ტკივილი

თავის ტკივილი ნაბახუსევზე

გიგანტურ-უჯრედული არტერიიტი

რინოსინუსიტი

მეტადრე სოლისებრი წიაღის ანთება (სფენოიდური სინუსიტი)

ნახშირჟანგის ინტოქსიკაციით გამოწვეული თავის ტკივილი

სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა

სხვა ავადმყოფობები

ეპილეფსიური გულყრის შემდგომი თავის ტკივილი

ძილის აპნოე/ჰიპოპნოეთი გამოწვეული თავის ტკივილი

დეპრესია


თავის ტკივილი ღამით ან გარიჟრაჟზე ყოველთვის იწვევს ქალასშიდა წნევის მომატების ეჭვს და დაუყოვნებლივ საჭიროებს სიმსივნის გამორიცხვას – განსაკუთრებით, როდესაც ახლავს ღებინება და დვრილების შეშუპება. მაგრამ, ასეთი შემთხვევები პრაქტიკაში იშვიათია.


თავის ტკივილი ალკოჰოლის მიღებისას ან ნაბახუსევზე: საჭიროა თუ არა ულტრაბგერითი კვლევა?


ერთგან ვკითხულობთ:


თავის ტკივილი ალკოჰოლის მიღების შემდეგ დამახასიათებელი ცერებრული სისხლძარღვების დისტონიისთვის – საჭიროა ცერებრული სისხლძარღვების ულტრაბგერითი კვლევა”.


კომენტარები  

ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებული თავის ტკივილი ერთერთი ყველაზე ხშირია სამედიცინო პრაქტიკასა და ყოფა-ცხოვრებაში.


უშუალოდ ალკოჰოლის მიღების შემდეგ ვითარდება "ალკოჰოლით გამოწვეული დაუყოვნებელი თავის ტკივილი" (8.1.4.1 Immediate alcohol-induced headache; "კოქტეილის თავის ტკივილი – Cocktail headache").


ნაბახუსევზე შეიძლება განვითარდეს შაკიკის ან სხვა რომელიმე პირველადი თავის ტკივილის შეტევა – "ალკოჰოლით გამოწვეული დაყოვნებული თავის ტკივილი" (8.1.4.2 Delayed alcohol-induced headache) ალკოჰოლით გამოწვეული დაყოვნებული თავის ტკივილი ბევრად უფრო ხშირია დაუყოვნებელთან შედარებით.


ცერებრული სისხლძარღვების ულტრაბგერითი კვლევით შეუძლებელია ალკოჰოლით გამოწვეული თავის ტკივილის დიაგნოზის დადგენა ან მართვის სტრატეგიის განსაზრვრა.


რაც შეეხება "ცერებრული სისხლძარღვების დისტონიას", საკამათოა როგორც ტერმინის არსი, ასევე მისი როლი თავის ტკივილის განვითარებაში.

 

ლიტერატურა  

[1] Royal College of Radiologists .Making the best use of a department of clinical radiology. Guidelines for doctors, 4th ed.London:RCR;1998

  Copyright 2012