სევდა თუ დეპრესია?

      მაკა მანია







სევდა ყველასათვის ნაცნობი განცდაა. ვის არ მოუწყენია უღიმღამო ამინდის, ერთფეროვანი ცხოვრების, გამოცდაზე წარუმატებლობის, საფულის ან მნიშვნელოვანი საბუთების დაკარგვის, ახლობელი ადამიანის ავადმყოფობისა და სხვა მიზეზების გამო. ჩვენი ცხოვრება სავსეა წინააღმდეგობებით და ამგვარი მოწყენილობა ბუნებრივია.


მაგრამ, თუ გუნება-განწყობილების დაქვეითება დროში გახანგრძლივდა და გადაულახავი, დაუსრულებელი სულიერი ტანჯვის სახე მიიღო, ასეთი შემთხვევაში საფიქრებელია, რომ სევდამ ადგილი დაუთმო დეპრესიას.









უბრალო მოწყენილობისაგან განსხვავებით დეპრესიის დროს ადამიანს ეუფლება უსაშველო მდგომარეობის განცდა, თითქოს ცხოვრება დასრულდა, თითქოს ყველაფერმა აზრი დაკარგა, თითქოს მას აღარასოდეს არ ეშველება. ასეთ მდგომარეობაში ადამიანი კარგავს ინტერესს ყველაფრის მიმართ. მას არ ახარებს ის, რაც წარსულში დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. ის ხდება ძალაგამოცლილი, გამოფიტული. მცირე დაბრკოლებაზეც კი ღიზიანდება. ხშირად იპყრობს დანაშაულის განცდა, თითქოს მის არსებობას ამ ქვეყანაზე გამართლება არა აქვს...


დეპრესიისათვის დამახასიათებელი ის სიმპტომები, რაც აქ აღვწერეთ მეტ-ნაკლებად ყველასათვის არის ცნობილი, თუმცა ალბათ ცოტამ თუ იცის იმის შესახებ, რომ დეპრესია შეიძლება გამოვლინდეს ფიზიკური დისკომფორტითაც. ასე მაგალითად, დეპრესია შეიძლება შეინიღბოს ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ეპიზოდური თუ გამუდმებული:


თავის ტკივილი

წელისა და კისრის ტკივილი

ტკივილი გულის არეში

კუნთებისა და სახსრების ტკივილი

ძილის დარღვევა

საერთო სისუსტე და დაღლილობა

მეხსიერების დაქვეითება, გონებადაფანტულობა

თავბრუსხვევა

მადის შეცვლა

გულისრევის შეგრძნება

ფაღარათი

წონაში მატება ან კლება.


ასეთი სიმპტომები აბნევს არა მარტო პაციენტს, არამედ ზოგჯერ ექიმსაც კი.


როგორ უნდა ავხსნათ ეს?  

როგორ შეიძლება თავბრუსხვევა, ქრონიკული წელის ტკივილი და სხვა სიმპტომები არც მეტი, არც ნაკლები დეპრესიის გამოვლინებას წარმოადგენდეს?


ერთი შეხედვით ეს უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ ამ სიმპტომებისა და დეპრესიის ურთიერთკავშირს მართლაც აქვს მატერიალური საფუძველი. კერძოდ, ეს არის რეცეპტორების, ნერვული სისტემის გამტარი გზებისა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების (ნეიროტრანსმიტერების) განსაკუთრებული ურთიერთობა.


ამა თუ იმ ემოციის დროს (სევდა, სიამოვნება, შიში და სხვ.) თავის ტვინში აღინიშნება გარკვეული ნერვული იმპულსების (ანუ ინფორმაციის) გადაცემა. იმპულსების გადაცემა მრავალგვარი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების მეშვეობით ხორციელდება.


ასევე მრავალგვარია ის რეცეპტორები, რომლებიც ამ ინფორმაციას მიიღებენ და გადაამისამართებენ გარკვეული მიმართულებით. მრავალგვარია ის გზებიც (ნერვული სისტემის გამტარი გზები), სადაც ესა თუ ის ინფორმაცია მიმოიქცევა.


აღმოჩნდა, რომ დაქვეითებული გუნება-განწყობილების შესახებ ინფორმაციის გადაცემისათის საჭირო ზოგიერთ ნეიროტრანსმიტერსა და რეცეპტორს ნერვული სისტემა გამოიყენებს ტკივილის შესახებ ინფორმაციის გადაცემაშიც. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველი მოწყენილობის დროს აუცილებლად რამე უნდა აგვტკივდეს, ან ნებისმიერი ტკივილის გამო ადამიანი დეპრესიაში უნდა ჩავარდეს.


რა თქმა უნდა, არა!


ეს ურთიერთკავშირი ძალიან რთულია, რის გამოც მარტივი ლოგიკური ახსნის შემოთავაზება შეუძლებელია. მაგრამ ერთი რამ ნათელია: დაქვეითებული გუნება-განწყობილების შესახებ არსებული ინფორმაცია თავის ტვინში აღძრავს სხვა პროცესებს, მათ შორის ისეთ პროცესებს, რომლებიც ფიზიკური სიმპტომებით გამოვლინდება.


ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ ექიმი თქვენი ფსიქო-ემოციური მდგომარეობით დაინტერესდება მაშინ, როცა თქვენ მას... „უბრალოდ“ წელის ტკივილის გამო მიმართეთ.


უფრო მეტიც, ხშირად დეპრესიისა და ფიზიკური ტკივილის მოსახსნელად ექიმი ერთმანეთის მსგავს მკურნალობის მეთოდებს და მედიკამენტებს შემოგთავაზებთ. დეპრესია აძლიერებს ფიზიკური ტკივილის აღქმას და ხელს უწყობს ტკივილის გაჭიანურებას. თავის მხრივ ქრონიკული ფიზიკური ტკივილი აისახება გუნება-განწყობილებაზე და დეპრესიისადმი განაწყობს ადამიანს.


გულის ტკივილი თუ ტკივილი გულის არეში?  

გულის არეში ტკივილი შესაძლოა განპირობებული იყოს გულისა და ზოგიერთი სხვა ორგანოს დაავადებით. მაგრამ იგივე ჩივილები ხშირად წარმოადგენს შფოთვითი აშლილობისა და დეპრესიის გამოვლინებას. საყურადღებოა, რომ დეპრესიის დროს გულის არეში ტკივილი გამუდმებულია, ხოლო შფოთვითი აშლილობისათვის ტიპურია მოულოდნელად აღმოცენებული და შედარებით ხანმოკლე ტკივილი გულის არეში.


ბუნებრივია, ასეთი ჩივილების დროს პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს გულის და ზოგიერთი სხვა ორგანოს პათოლოგია. თუ თქვენი გული, ფილტვები, კუჭი და საყლაპავი, ძვლოვანი და კუნთოვანი სისტემა, აგრეთვე პერიფერიული ნერვები ჯანმრთელი აღმოჩნდება, ასეთ შემთხვევაში საფიქრალია, რომ გულის ტკივილის მიზეზს შფოთვითი აშლილობა ან დეპრესია წარმოადგენს.


ამასთან გახსოვდეთ, რომ აქ ჩამოთვლილი ორგანოების ცალ-ცალკე და დეტალური გამოკვლევა ხშირ შემთხვევაში არც არის საჭირო. თქვენს მიერ წარმოდგენილი ჩივილები (ტკივილის ლოკალიზაცია, ხანგრძლივობა, დასაწყისი, კავშირი გარემო ფაქტორებთან, დინამიკა, სხვა თანმხლები სიმპტომები და ა. შ.) როგორც წესი, სრულიად საკმარისია აქ ჩამოთვლილი ორგანოების პათოლოგიის გამოსარიცხად.


დეპრესია საკმაოდ გავრცელებულია  

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით დეპრესია ქალების 10-25%-ს აღენიშნება, ხოლო კაცებში მისი სიხშირე 5-დან 12%-მდე მერყეობს. მძიმე სოციალ-ეკონომიური მდგომარეობის, ხშირი ცხოვრებისეული სტრესებისა და ქრონიკული დაავადებების დროს დეპრესიის შემთხვევები მკვეთრად მატულობს. ასე მაგალითად, მძიმე დაავადებების დროს (მიოკარდიუმის ინფაქრტი, პარკინსონის ავადმყოფობა, ონკოლოგიური პათოლოგიები და სხვ.) პაციენტების დაახლოებით 40-50% იტანჯება დეპრესიით. ამასთან ცნობილია, რომ ქალაქის მაცხოვრებლებში იგი უფრო ხშირია, ვიდრე სოფლის მოსახლეობაში. კარგად არის ცნობილი იმის შესახებაც, რომ








დეპრესიული განწყობა  

დეპრესია რომ დავძლიოთ, უპირველეს ყოვლისა უნდა გავერკვეთ, თუ რატომ არის მიდრეკილი ჩვენი ფსიქიკა დეპრესიისადმი.


ხშირ შემთხვევაში ამა თუ იმ მოვლენას ადვილად გავითავისებთ ხოლმე იმ სახით, რა სახითაც ამას საზოგადოება ან ჩვენთვის ავტორიტეტული პირები გვაწვდიან. ზოგიერთი პიროვნება კი ახლისა და განსხვავებულის ძიების პროცესშია, რის გამოც მეტ-ნაკლებად ემინჯება მისთვის ბანალურ გარემოს.


ადამიანის ცხოვრება წინააღმდეგობებით არის აღსავსე და სტრესულია. ასეთი ცხოვრება ზოგიერთ პირს ადვილად განაწყობს დეპრესიისადმი. ბანალურ გარემოსთან დაპირისპირება გარკვეულწილად ყველა ჩვენთაგანს განუცდია ბავშვობიდან ზრდასრულობაში გადასვლის პერიოდში – „გარდატეხის ასაკში“. შესაბამისად დეპრესია ამ ასაკში საკმაოდ ხშირია. მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ ხაზგასმით, რომ ეს მხოლოდ ერთი მაგალითია და რა თქმა უნდა, ამით არ აიხსნება ყველა დეპრესიული ადამიანის შინაგანი მდგომარეობა.


დეპრესიისადმი მიდრეკილებას მრავალი მიზეზი გააჩნია და ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში ის სხვადასხვაგვარი გარემოებების თავშეყრის გამო აღმოცენდება ხოლმე. ასე მაგალითად, დეპრესიისადმი განწყობას ზრდის დაბალი თვითშეფასება და გადამეტებული თვითკრიტიკულობა, ასევე გადაჭარბებული პასუხისმგებლობის გრძნობა, რაც რელაქსაციის საშუალებას არ აძლევს ფსიქიკას. ამ მდგომარეობისადმი მიდრეკილება ზოგჯერ გენეტიკურიცაა. ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების ბოროტად გამოყენება ერთ-ერთი მძლავრი რისკ-ფაქტორია დეპრესიის აღმოცენებისათვის. ქალის ჰორმონული ცვლილებების დროს (მენოპაუზა, ორსულობა, მშობიარობა) ასევე იზრდება პიროვნების განწყობა დეპრესიისადმი.


თუ ზემოჩამოთვლილ ფონურ რისკ-ფაქტორებს ესა თუ ის მძიმე ცხოვრებისეული სტრესი დაერთვება (ეკონომიური სიდუხჭირე, უახლოესი ადამიანის დაკარგვა, ძალადობა და სხვ.), ასეთ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ დეპრესია გარდუვალია.


სად არის ზღვარი სევდასა და დეპრესიას შორის?  

სევდა არამც და არამც არ არის მავნე. სევდა ისეთივე ნორმალური და აუცილებელი ემოციაა, როგორც სიხარული, სიმშვიდე, აღტაცება. მაგრამ როცა სევდა უსასრულოდ გაჭიანურებულია (2 კვირა და მეტი), როცა მისგან ადამიანი ვერ თავისუფლდება და სასოწარკვეთილებამდე მიდის, ეს უკვე სცილდება ნორმალური ემოციის ფარგლებს, მას დეპრესია ჰქვია და სევდისაგან განსხავებით მავნეა ადამიანის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობისათვის.


ამ მდგომარეობას მკურნალობა სჭირდება.


ადამიანური სისუსტე თუ ავადმყოფობა?  

ეროვნული გაიდლაინი დეპრესიის შესახებ გვამცნობს, რომ დეპრესიით დაავადებული პაციენტების მხოლოდ 1/3 აკითხავს ექიმს








მაგრამ, როგორც უკვე ზემოთ მოგახსენეთ, დეპრესიას თავისი მატერიალური საფუძველი გააჩნია. ამ დროს ადამინის ტვინში იცვლება გარკვეული ქიმიური ნივთიერებების შემადგენლობა, ტვინში მიმდინარეობს არასწორი პროცესები, რაც ავადმყოფობას – დეპრესიას უდევს საფუძვლად.


დიახ, დეპრესია ავადმყოფობაა და არაფრით არ განსხვავდება სხვა ისეთი ავადმყოფობებისგან, როგორიცაა ვთქვათ, პარკინსონის ავადმყოფობა ან შაქრიანი დიაბეტი.


ისევე როგორც, პარკინსონის ავადმყოფობის დროს თავის ტვინში ქვეითდება დოფამინის რაოდენობა და შაქრიანი დიაბეტის დროს ნაკლებად გამომუშავდება ინსულინი


დეპრესიის დროს თავის ტვინში იკლებს სეროტონინისა და ნორეპინეფრინის კონცენტრაცია.


ამიტომ, ნუ მისცემთ დეპრესიას იმის უფლებას, რომ ხელი შეუშალოს თქვენს შემოქმედებით ცხოვრებას და ნუ მიეცემით სასოწარკვეთილებას:







როგორ დავძლიოთ დეპრესია?  

მიმართეთ ექიმს და მიყევით მის დარიგებებს. თქვენი მდგომარეობის გათვალისწინებით ის შეგირჩევთ მკურნალობის ერთ ან რამოდენიმე მეთოდს.


დეპრესიის დასაძლევად უპრიანია:

ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება

სოციალური თანადგომა

ფსიქოლოგიური მხარდაჭერა

ფიზიკური მეთოდებით მკურნალობა და ბოლოს...

წამლობა ანუ მკურნალობა ფარმაკოლოგიური საშუალებებით


ფარმაკოლოგიური მკურნალობის არჩევანი დღეისათვის საკმაოდ დიდია. საჭიროების მიხედვით გამოიყენება დამამშვიდებელი, დეპრესიის სამკურნალო, გუნება-განწყობის დამასტაბილებელი, შფოთვის მოსახსნელი და სხვა საშუალებები.


ქართულ საზოგადოებას ფსიქიკაზე მოქმედ პრეპარატებთან დაკავშირებით განსაკუთრებული დამოკიდებულება გააჩნია. პაციენტები ხშირად კითხულობენ: „ეს წამალი ფსიქოტროპულია?“, „მიჩვევას ხომ არ იწვევს?“, „უკუჩვენებები აქვს?“ და ხშირად უპირატესობას „მცენარეულ“ პრეპარატებს ანიჭებენ.


ბუნებრივია, ეს მოსაზრებები მცდარია.


დეპრესიის დასაძლევი პრეპარატები  

ანტიდეპრესიული პრეპარატები რამოდენიმე ჯგუფად იყოფა. ჩვენს ქვეყანაში უმთავრესად გამოიყენება ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, სეროტონინის უკუმიტაცების (უკუშთანთქმის) ინჰიბიტორები, სეროტონინისა და ნორეპინეფრინის უკუმიტაცების (უკუშთანთქმის) ინჰიბიტორები. უნდა აღინიშნოს, რომ პირველისაგან განსხვავებით ბოლო ორი ჯგუფის მედიკამენტები საკმაოდ კარგი ასატანობით გამოირჩევა.


ანტიდეპრესიული პრეპარატები ხშირად ინიშნება ქრონიკული ტკივილის სამკურნალოდ. ამის შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. ამიტომ, თავის ტკივილის, ხერხემალთან დაკავშირებული ქრონიკული ტკივილის და სხვა ტკივილის მოსახსნელად ხშირად წარმატებით გამოიყენება ანტიდეპრესიული ჯგუფის პრეპარატები. ამ მედიკამენტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურებაა ხანგრძლივი მკურნალობის აუცილებლობა.












ვიცხოვროთ ჯანსაღი წესით  

ჯანსაღი ცხოვრების წესი ფაქტობრივად ყველა ავადმყოფობის მართვისთვის სასარგებლოა. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ სწორი კვება, შრომისა და დასვენების მართებული გადანაწილება და ზომიერი სპორტი სასარგებლოა ჩვენი გუნება-განწყობილებისათვისაც.


დეპრესიის მქონე ადამიანს ჯანსაღი კვება და ვარჯიში საერთოდ არ ახსოვს და არც სურვილი აქვს ამ მიმართულებით იზრუნოს საკუთარ თავზე. ეს ბუნებრივი მდგომარეობაა, მაგრამ მოდით სცადეთ, შეებრძოლოთ საკუთარ თავს. მოტივაციას გაგიღვიძებთ ექიმის დანიშნული პრეპარატები და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა.


მაგრამ







ამიტომ








ჩვენ კი








ჯანსაღი საკვები  

ცნობილია, რომ საკვებში არსებული ზოგიერთი ნივთიერება დადებითად ან უარყოფითად აისახება განწყობილებაზე. ასე მაგალითად, ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები და B12 ვიტამინი ხელს უწყობს განწყობილების სტაბილიზაციას.


ამ თვალსაზრისით სასარგებლოა

თევზეული

თხილი

მუქი მწვანე ბოსტნეული

წყალმცენარეები და სხვ.


ნუ დალევთ ბევრ ყავას.


რაც შეეხება ალკოჰოლს, ის დროებით გვანიჭებს შვებას, მაგრამ მისი ხშირი და მით უმეტეს გადაჭარბებული გამოყენება, ფსიქიკის ნევროტიზაციის მიზეზი ხდება.


დიდ ბრიტანეთში 5 წლის მანძილზე შეისწავლიდნენ კვების გავლენას დეპრესიაზე და დაასკვნეს, რომ ის პირები, რომლებიც ხშირად გამოიყენებენ მზა კვების პროდუქტებს, შოკოლადსა და ტკბილეულს, შემწვარ კერძებსა და მაღალპროცენტულ რძის პროდუქტებს უფრო მეტად არიან მიდრეკილნი დეპრესიისადმი, ვიდრე ის პირები, რომელთა მენიუშიც უხვადაა ხილი, ბოსტნეული და თევზეული.


ხშირად ივარჯიშეთ  

ზოგჯერ ვარჯიში ანტიდეპრესანტზე არანაკლებ ეფექტურია. თუ რეგულარულად ვარჯიშს ვერ ახერხებთ, ამ შემთხვევაში ფეხით გაისეირნეთ ყოველდიღიურად. მეგობრებთან ერთად ფიზიკური აქტივობა განსაკუთრებით დადებითად აისახება განწყობილებაზე. ვარჯიშის დროს თავის ტვინში მატულობს იმ ნეიროტრანსმიტერების (მათ შორის ენდორფინების ) კონცენტრაცია, რომლებიც კარგად ყოფნის შეგრძნებასა და სიამოვნების განცდას უწყობს ხელს.


გარდა ამისა, ვარჯიში ზრდის თავდაჯერებულობას, ხელს უწყობს პიროვნების ჩართულობას საზოგადოებაში, გადართავს ადამიანს ყოველდღიური ერთფეროვნებისაგან და სხვ.


სპორტის რა სახეობებია სასარგებლო?


ბუნებრივია, ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა, რომლშიც ჩაერთვება კუნთოვანი სისტემა და ააჩქარებს გულისცემას, სასარგებლო იქნება თქვენთვის. ეს შეიძლება იყოს ფიტნესი, სპორტული თამაშები, ცურვა, ცეკვა, ცხენით ჯირითი და ა. შ.








შრომისა და დასვენების შეხამება  

დეპრესიის დაძლევაში უსაქმურობა ვერ დაგეხმარებათ. არც მიზეზი ,,არაფრის თავი არა მაქვს’’ გახლავთ გამოსავალი.


თავი გეცოდებათ?!


მაინც სცადეთ, რომ ჩვეული საქმის თუნდაც ნახევარი გააკეთოთ. ეს თქვენ ნამდვილად გამოგივათ და თავსაც უკეთ იგრძნობთ.


არც ის გახლავთ გამოსავალი, პრობლემას გადაჭარბებული საქმეში თავის ჩარგვით რომ ვებრძოლოთ. ეგებ დროებით ეს სასარგებლოც მოგეჩვენოთ, მაგრამ აუცილებლად დადგება დრო, როდესაც მიხვდებით, რომ საკუთარ თავზე რეალური მუშაობა (ე. წ. აუტოტრენინგი) გჭირდებათ მეგობრების, ფსიქოლოგის, სულიერი მოძღვარის, ან თუნდაც სრულიად უცხო ადამიანის თანადგომით.


მოიწესრიგეთ ძილი


უძილობა, ისევე როგორც წყვეტილი და ზედაპირული ძილი აღრმავებს დეპრესიას.


მიმართეთ ფსიქოთერაპევტს  

ადამიანის დარღვეული ფსიქოლოგიური მდგომარეობის აღდგენა ფსიქოლოგიური მეთოდებითაა შესაძლებელი. ამას ყველაზე კარგად ფსიქოთერაპევტის დახმარებით მოახერხებთ. მკურნალობის ეს მიდგომა განსაკუთრებულ სიფაქიზეს, ინდივიდუალურ მიდგომას და სიფრთხილეს მოითხოვს. ფსიქოთერაპიული მეთოდები ნაირგვარია, მაგრამ საბოლოო ჯამში ის ერთ მიზანს ემსახურება:








ხშირად ეს არც თუ ისე ადვილია.


მარტივი და ბანალური მიზეზების მიღმა იმალება ინდივიდი თავისი ღრმა, შეუსწავლელი ქვეცნობიერი სამყაროთი, ზოგჯერ გაცნობიერებული, მაგრამ საკუთარი თავისაგანაც დამალული, შეფარული მოტივებით.


მიზეზების გარკვევა რთულიც არის და მტკივნეულიც, თუმცა ამ ეტაპის გარეშე შეუძლებელია შემდგომი ნაბიჯის გადადგმა.


შემდეგ ეტაპზე უნდა გაირკვეს, ხომ არ არის რაიმე არაჯანსაღი პრობლემის მიზეზთან მიმართებაში. ჩვენ ხომ ხშირად ჩვენივე შეხედულებები გვიქმნის დაბრკოლებას. ზოგჯერ არაჯანსაღია სოციუმის გავლენაც. ამიტომ ადამიანმა ფსიქოთერაპევტთან ერთად (ან მეგობართან, სულიერ მოძღვართან და სხვ.) უნდა შეძლოს და საკუთარი შეხედულებები სწორი მიმართულებით შეცვალოს. 


ამისი მარტივი მაგალითია ორი ციფრის 6-ის და 9-ის აღქმა. 6 ექვსია თუ მას პირდაპირ, სწორი მიმართულებით ვუყურებთ, მაგრამ ის ცხრად გადაიქცევა თუ მას საპირისპირო მხრიდან შევხედავთ. 


სწორედ ამაში მდგომარეობს ფსიქოთერაპიის მნიშვნელობა, რომ შეგვეძლოს სწორი კუთხით შევხედოთ ციფრს, რომ მასში სხვა ციფრი არ დავინახოთ. ადამიანს შესწევს უნარი, სწორად შეაფასოს ისეთი რთული მოვლენებიც კი, როგორიცაა სიკვდილი, ახლობელი ადამიანის დაკარგვა, ხანგრძლივი და უიმედო ავადმყოფობა, ეკონომიური სიდუხჭირე და სხვ.


გაგიკვირდებათ, თუ როგორ შეიძლება ფსიქოლოგიური კომპრომისის მიღწევა ზემოხსენებულ მდგომარეობებთან, მაგალითად სიკვდილთან. დამერწმუნეთ, ქართველმა, რაკი სიკვდილს „გარდაცვალება“ ანუ გარდასახვა, ფერის, სახის შეცვლა უწოდა, ეს კომპრომისი იპოვა.









ეს მხოლოდ ერთი პატარა ფრაგმენტია იმ ჯანსაღი და რეალური მსოფლმხედველობისა, რასაც ფსიქოთერაპია გვთავაზობს. ასეთი რთული და მტკივნეული პროცესების გარდა ფსიქოთერაპია მოიცავს შედარებით მსუბუქ რჩევებსაც:

ისაუბრეთ თქვენს პრობლემაზე

თქვენ შეგიძლიათ მიენდოთ ფსიქოთერაპევტს, მეგობარს, სულიერ მოძღვარს, თუნდაც სრულიად უცხო ადამიანს, თქვენივე თავს სარკის წინ, ან გაანდოთ თქვენი ვნებათაღელვა ფურცელს.

ყოველი მათგანი დიდი შვება იქნება

აირჩიეთ თქვენთვის მისაღები ფორმა, მხოლოდ ნუ დაიტოვებთ თქვენს სატკივარს თქვენთან

იფიქრეთ თვითრეალიზაციაზე

თქვენს ყოველდღიურ მოვალეობას (სამსახური, ოჯახზე ზრუნვა და სხვ.) დაურთეთ რაიმე ახალი, განსხვავებული სფერო, სადაც თქვენ სიამოვნებით დაიხარჯებით.

ხატეთ, შეთხზეთ ნოველები, მისდიეთ კოლექციონერობას, იყოლიეთ შინაური ცხოველი, ისწავლეთ მანქანის მართვა... ან







სხვა ადამიანზე მზრუნველობა ყოველთვის სასარგებლო იქნება თქვენი სულისა და ფსიქიკისათვის.







ბოლოთქმა  

გახსოვდეთ:


ექიმები დეპრესიას მოიხსენიებენ, როგორც დეპრესიულ ეპიზოდს


რაც იმთავითვე მიანიშნებს, რომ


ეს მხოლოდ ეპიზოდია თქვენს ცხოვრებაში,


რომელსაც


აუცილებლად ექნება დასასრული


და


ყველაფერი კარგად იქნება.


ლიტერატურა  

1. http://www.health.harvard.edu/newsweek/Depression_and_pain.htm


2. http://www.psychologytoday.com/blog/prescriptions-life/201204/little-weird-prone-depression-blame-your-creative-brain


3. http://www.mayoclinic.com/health


4. დეპრესიის მართვა პირველად ჯანდაცვაში. კლინიკური პტაქტიკის ეროვნული რეკომენდაცია (გაიდლაინი), 2010.


  Copyright 2012