რევმატოლოგიური ტკივილის აქტუალური საკითხები

      კახაბერ ჭელიძე

ეპიდემიოლოგია  

სხვადასხვა მიზეზით განპირობებული ძვალ-კუნთოვანი ტკივილის გავრცელების მაჩვენებელი 60%-ს აღემატება, ქრონიკული ტკივილის გავრცელელება კი ზრდასრულებში 26-50%-ს შეადგენს.


ძვალ-კუნთოვანი ტკივილი გვხვდება ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში, თუმცა მისი რისკი იზრდება ასაკის მატებასთან ერთად. სხვადასხვა გენეზის ტკივილს გენდერული განაწილების სხვადასხვა ტიპი ახასიათებს.


ძვალ-კუნთოვანი ტკივილი ყოველთვის ასოცირებულია ფუნქციურ დარღვევებთან; ამდენად, პრობლემის მართვაც კომპლექსურ ხასიათს უნდა ატარებდეს.


რევმატიული დაავადებების კლასიფიკაცია  

განასხვავებენ რევმატიული დაავადებების შემდეგ ტიპებს:

სახსრების არაანთებითი დაავადებები

სახსრების ანთებითი დაავადებები

რბილი ქსოვილების დაავადებები


რევმატიული დაავადებების მახასიათებლები  

რევმატიული დაავადებების ძირითადი მახასიათებელი სიმპტომი ლოკალიზებული ან გენერალიზებული ტკივილია. არაანთებითი სახსროვანი დაავადებების შემთხვევათა დიდ ნაწილში ტკივილი ქრონიკულ, ხოლო ანთებითის შემთხვევაში - მწვავე და რეკურენტულ ხასიათს ატარებს.

მეტწილად დამახასიათებელია ძვალ-კუნთოვანი სისტემის პათოლოგიასთან, თუმცა ხშირად შეიძლება დაკავშირებული იყოს სხვა სისტემის ან სისტემების დაზიანებასთან;

ლოკალური ან გენერალიზებულია;

შეიძლება ატარებდეს მწვავე ან ქრონიკულ (რემისიებით მიმდინარე) ხასიათს;

ასოცირებულია მოძრაობის და ცხოვრების ხარისხის შეზღუდვასთან.


დიაგნოზის დასმა  

შემთხვევათა უმეტესობაში, რევმატოლოგიური დაავადების დიაგნოზის დასადგენად საკმარისია გამოსახვის, ლაბორატორიული და სახსრის სითხის კვლევების შედეგების ინტერპრეტაცია. დაავადების აქტივობის მონიტორირებისთვის მოწოდებულია მწვავე ფაზური რეაქტანტების (ერითროციტების დალექვის სიჩქარე, C-რეაქტიული ცილა და თრომბოციტების რაოდენობა) და იმუნოლოგიური მარკერების კონტროლი.


ანამნეზის შეგროვება  

ანამნეზის შეგროვებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ასაკს, სქესს და ტკივილის ხასიათის დეტალურ ანალიზს. ანამნეზური მონაცემების შეგროვებისას ყურადღება ასევე უნდა გამახვილდეს ფუნქციურ დარღვევებზე, წინმსწრებ და არსებულ სხვა დაავადებებზე, აქტუალურ და ადრე მიღებულ ტკივილგამაყუჩებლებზე, ოჯახურ და სოციალურ ასპექტებზე.


ფიზიკური გამოკვლევა  

საჭიროა დაზიანებული სახსრების, ხერხემლის ანდა რბილი ქსოვილების დათვალიერება, პალპაცია და ფუნქციური შეფასება. ასევე უნდა შეფასდეს სახსარში მოძრაობის სიფართე, კუნთოვანი ძალა, სტაბილურობა, პალპაციის დროს მტკივნეულობა, ანთების ნიშნებისა და დეფორმაციების არსებობა.


ტკივილის შეფასება  

ტკივილის ანალიზი საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ინფორმაცია ტკივილის ლოკალიზაციის, ხასიათის და ინტენსივობის, ტრიგერული ფაქტორებისა ეფექტების თაობაზე.


სად?  

ტკივილის ლოკალიზაცია და ირადიაცია.


როდის?  

ხანგრძლივობა, სიხშირე, დასაწყისი და მიმდინარეობა. სახსრების ანთებითი დაავადებებისთვის მეტწილად დამახასიათებელია ღამის ტკივილი.


როგორი?  

ტკივილის ხასიათი და ინტენსივობა


რატომ?  

ზეგავლენის ფაქტორები: ფიზიკური დატვირთვა, სიარული და ა.შ.


რა?  

თანმხლები სიმპტომები (მაგ., ძილის დარღვევა, დეპრესია, უუნარობა)


ტკივილის დოკუმენტაცია  

მკურნალობის მონიტორინგისთვის უპრიანია ტკივილის დღიურის წარმოება, რომელშიც ფიქსირდება ტკივილის აღმოცენების დრო და პირობები, ხანგრძლივობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა და მიღებული მედიკამენტები.


ტკივილის დღიურის წარმოება განსაკუთრებით ეფექტურია ფიზიკური მდგომარეობის კომპრომისის, ფსიქოლოგიური ფაქტორების ტრიგერული ეფექტის, ტკივილზე მენტალური ფიქსაციის ანდა ტკივილგამაყუჩებლებზე დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე ეჭვის შემთხვევაში.


ტკივილის დღიურის შემადგენლობა

ტკივილის ინტენსივობა და მიმდინარეობა

აქტივობა

მედიკამენტები.


მოტივაცია და მიმდევრობა  

წარმატებული მკურნალობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს პაციენტის მოტივაციას და პასუხისმგებლობას. მოტივაციის ამაღლებისთვის აუცილებელია პაციენტის ინფორმირება თვითდაკვირვების პროცესის სარგებლიანობის თაობაზე.


მიმდევრობა ადილად მისაღწევია, თუკი პაციენტი:

აქტიურადაა ჩართული მკურნალობის პროცესში;

აწარმოებს ტკივილის დღიურს;

ახდენს საკუთარი თავის იდენტიფიცირებას მკურნალობის მიზნებთან.


 

  Copyright 2012