მცირე დოზა - ხანმოკლე დროით!

არასტეროიდების გვერდითი მოვლენები

      გიორგი გეგელაშვილი

არასტეროიდების გვერდითი მოვლენები მათი მოქმედების მექანიზმითაა განპირობებული. ძირითად როლს ამ პროცესში თამაშობს ციგლოოქსიგენაზას დათრგუნვა და, შესაბამისად, პროსტაგლანდინების და თრომბოქსანის სინთეზის დამუხრუჭება.

არასტეროიდების გავრცელებული გვერდითი მოვლენები

არასტეროიდების საშუალების დანიშვნის გადაწყვეტილება ყოველთვის ინდივიდუალურია და უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტული პაციენტის ზოგადი რისკების შეფასებას.
ხანდაზმულ ასაკში მაღალია კუჭ-ნაწლავის გართულებების და/ან არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების რისკი!

ჰემატოლოგიური გვერდითი მოვლენების პათოფიზიოლოგია

თრომბოქსან-A2 ასტიმულირებს თრომბოციტების აგრეგაციას და ამით ზეგავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე. არასტეროიდები თრგუნავენ ციკლოოქსიგენაზას და, შესაბამისად, თრომბოქსანის წარმოქმნას.



არასტეროიდები თრგუნავენ თრომბოციტების ცოგ-1-ს, მაგრამ მათი ამგვარი მოქმედება დროებითია. არასტეროიდებიდან მხოლოდ ასპირინის ანტითრომბოციტული ეფექტი გრძელდება მისი ძირითადი ფარმაკოლოგიური მოქმედების გავლის შემდეგაც და თრმბოციტებს სიცოცხლის განმავლობაში უქვეითდებათ ურთიერთ ”შეწებების და შეჯგუფების” უნარი. ამ უნიკალური უნარის გამო არასტეროიდებიდან მხოლოდ ასპირინი გამოიყენება ანტითრომბოზული მიზნით.

ფსევდოალერგიული გვერდითი მოვლენების პათოფიზიოლოგია

ატოპიური ასთმით დაავადებულ პაციენტებში არასტეროიდები იწვევენ ფსევდოალერგიულ რეაქციას და ამწვავებენ ასთმის შეტევებს.


ატოპიური ასთმის დროს რესპირატორული ტრაქტის პოხიერი უჯრედებიდან დიდი რაოდენობით გამოიყოფა პროსტაგლანდინები და ლეიკოტრიენები. როდესაც არასტეროიდების ზემოქმედებით პროსტაგლანდინების სინთეზი ითრგუნება - იზრდება არაქიდონის გარდაქმნა ლეიკოტრიენებად.



ლეიკოტრიენებს ახასიათებს ბრონქების შევიწროების და ლორწოს გამოყოფის ხელშეწყობის უნარი. ამგვარად არასტეროიდებს შეუძლიათ ”გაითამაშონ” ვითომდა ალერგენების როლი და გამოააშკარაონ ”მიძინებული” ბრონქული ასთმა. ატოპიურ პაციენტებში საჭიროა შეფასდეს მკურნალობის რისკი/სარგებელი და მხოლოდ განსაკუთრებული სიკეთის (ბენეფიტის) მოლოდინის შემთხვევაში დაინიშნოს არასტეროიდი.

 

  Copyright 2012