ტკივილის მართვის ფსიქოლოგიური მეთოდები

      თამარ აზმაიფარაშვილი

ფსიქოლოგიური პროცედურები ეხმარება პაციენტს ტკივილის და მისგან გამოწვეული ბიო-სოციალური პრობლემების დაძლევაში. ფსიქოლოგიური პროცედურების მიზანია პაციენტმა თავად აკონტროლოს ტკივილი და მისგან გამოწვეული პრობლემები.


ტკივილის მართვის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური პროცედურებია:


კუნთების თანმიმდევრული რელაქსაცია

აუტოგენური ტრენირება

წარმოდგენათა აღძვრა

შთაგონება

ბიოლოგიური უკუკავშირით მკურნალობა (ბიოფიდბეკი)

ტკივილის მართვის ტრენინგი

სტრესის დაძლევის ტრენინგი

ფსიქოთერაპია


კუნთების თანმიმდევრული რელაქსაცია

კუნთების თანმიმდევრული რელაქსაცია ტკივილის თერაპიაში მეცნიერულად ყველაზე მისაღებ პროცედურადაა მიჩნეული. მნიშვნელოვანია მისი დანერგვა, წესად ქცევა ყოველდღიურ ცხოვრებაში. პაციენტები, რომლებიც ყოველდღიურად მიმართავენ რელაქსაციას, უკეთ უმკლავდებიან ტკივილს.











აუტოგენური ტრენირება

აუტოგენური ტრენირება, ისევე როგორც კუნთების თანმიმდევრული რელაქსაცია, პოპულარული პროცედურაა ტკივილის თერაპიაში. მისი ეფექტურობა ქრონიკული ტკივილის მკურნალობისას მრავალმხრივ არის შეფასებული.


ტექნიკა

სითბოს, სიმძიმის, სიმშვიდის ან სიცივის შეგრძნების თანდათანობითი აღძვრა თვითშთაგონების საშუალებით.


წარმოდგენათა აღძვრა

წარმოდგენათა აღძვრის პროცედურა ზემოქმედებას ახდენს წარმოდგენებზე (ხატებზე) და ხშირად გამოიყენება აუტოგენური ტრენირების პროცესში ან დამოუკიდებლად, ფსიქოთერაპიული მეთოდის სახით. ამ მეთოდს მიმართავენ რელაქსაციის გაღრმავების, ტკივილის შემცირების და მისგან დისტანცირებისთვის.


ტექნიკა

ისეთი წარმოდგენების აღძვრა, რომელიც პაციენტს დაავიწყებს ტკივილს (ტკივილგან დისტანცირება) ან პირიქით, ახდენს ტკივილზე ყურადღბის გამახვილებას, ტკივილის ან მისი შინაარსის (არსის) შეცვლის მიზნით.


ბიოლოგიური უკუკავშირით მკურნალობა – ბიოფიდბეკი

ბიოლოგიური უკუკავშირით მკურნალობისთვის პაციენტი სწავლობს ზემოქმედების მოხდენას სხეულის იმ ფუნქციებზე რომლებიც ჩვეულებრივ შეუმჩნეველი და უნებურია:

კანის ტემპერატურა

სისხლძარღვთა გაფართოვება

კუნთების ტონუსი


ამ მიზნით შესაბამისი ფიზიკური ფუნქციები იზომება და მიეწოდება პაციენტს ოპტიკურად ან აკუსტიკურად პერსონალური კომპიუტერის მეშვეობით. ამ მეთოდის მიზანია ასწავლოს პაციენტს სპეციფიური ფიზიკური ფუნქციების კონტროლი ყოველდღიურ ცხოვრებაში.


ბიოლოგიური უკუკავშირით მკურნალობა გამოიყენება ქრონიკული შაკიკის,თავის ან ზურგის ტკივილის დროს და სხვა. თავის ტკივილის შემთხვევების დროს ბიოფიდბეკის ეფექტურობა ემპირიულად კარგად არის დადასტურებული.


ტკივილის მართვის ტრენინგი

ტკივილის მართვის ტრენინგი უმეტესად განეკუთვნება კოგნიტურ-ბიჰევიორული ტრენინგის პროგრამებს და ტარდება 6-10 პაციენტისგან შემდგარ ჯგუფებთან, თუმცა შესაძლებელია მათი ინდივიდუალურად ჩატარებაც. ამ პროცედურების დახმარებით პაციენტი უკეთ აკონტროლებს ტკივილს და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს.


დღეს ტკივილის მართვის პროცედურები წარმოადგენს ქრონიკული ტკივილის მრავალმხრივი (მულტიმოდალური) მკურნალობის სტანდარტს. მათი ეფექტურობა ტკივილის შემცირების და პაციენტის ფუნქციონირების გაუმჯობესების მხრივ ემპირიულად დამტკიცებულია.











სტრესის დაძლევის ტრენინგი

სტრესის დაძლევის ტრენინგის პროცესში პაციენტი სწავლობს დაძაბულობის დროს ისე მოიქცეს, რომ ამ სიტუაციამ ტკივილი აღარ გამოიწვიოს. სტრესი ვითარდება როდესაც სიტუაციური პირობები უფრო ძლიერია, ვიდრე სტრესთან გამკლავების რესურსი. გამოიწვევს თუ არა გარემოება სტრესს დამოკიდებულია როგორც სიტუაციურ პირობებზე, ასევე ადამიანის პიროვნულ თვისებებზე. სტრესის მართვის ტრენინგი განიხილება თავის ტკივილის მრავალმხრივი მართვის პროგრამის ნაწილად.











ფსიქოთერაპია
ქრონიკული ტკივილი და ფსიქოლოგიური დარღვევები

ქრონიკული ტკივილი და ფსიქოლოგიური დარღვევები ერთმანეთთან ორმხრივ მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია. ამიტომ თანმხლები ფსიქოლოგიური დარღვევების მკურნალობა ქრონიკული ტკივილის მქონე პაციენტებში თავისთავად აუცილებელია. ამ შემთხვევაში ფსიქოთერაპია გადამწყვეტ როლს თამაშობს.


ქრონიკული ტკივილის მქონე პაციენტებში მაღალია ფსიქოლოგიურ დარღვევათა რისკი. ყველაზე გავრცელებული თანმხლები ფსიქოლოგიური დარღვევებია

დეპრესია და შფოთვა (30-54%)

შფოთვითი აშლილობა (16-28%)

პოსტტრავმული სტრესი (9-10%)

ფსიქოატიურ სუბსტანციებზე დამოკიდებულება (15 – 28%)


ძნელია ამ დარღვევათა მიზეზ-შედეგობრიობის გამოვლენა, მაგრამ აუცილებელია მათი ურთიერთზეგავლენის შეფასება.


ურთიერთზეგავლენა

ფსიქოლოგიური დარღვევების და ტკივილის ურთიერთდამოკიდებულება მრავალმხრივ ვლინდება. რომელიმე ერთის გაძლიერება სხვა დანარჩენის გაძლიერებას იწვევს და პირიქით. მაგ., შფოთვა ამძაფრებს ტკივილს და ტკივილი თავისი მხრივ – შფოთვას.




პაციენტებს პოსტტრავმული სტრესის დროს ხშირად აქვთ ძლიერი ტკივილი და მასთან დაკავშირებული პრობლემები. ყველაზე მეტად მოსალოდნელი ფსიქოლოგიური პრობლემების სკრინინგი აუცილებელია ტკივილის მქონე პაციენტთა ანამნეზის შესწავლის დროს. სკრინინგში შემავალი კითხვების ნაწილი ემსახურება ფსიქოლოგიური დარღვევების გამოვლენას და უზრუნველყოფს ღრმა გამოკვლევას დიაგნოზის დასასმელად.

  Copyright 2012